საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ლადო ჭანტურიას დაბადებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია

20 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, ლადო ჭანტურიას დაბადებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აკადემიური წრეების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საიუბილეო კრებული, რომელიც 30-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერის მიერ შესრულებულ სამეცნიერო შრომას აერთიანებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ზარანდიას და პროფესორ ბესარიონ ზოიძის რედაქტორობით გამოიცა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ისაუბრა ლადო ჭანტურიას განვლილ პროფესიულ გზაზე და მის დამსახურებებზე ქართული სახელმწიფოს წინაშე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული კერძო სამართლის, დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარების საქმეში, აღნიშნა პროფესორმა ნინო გვენეტაძემ.

 

თავის სიტყვაში, დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ აღნიშნა, რომ “გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, პროფესორ ლადო ჭანტურიას შრომებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სამართლის მეცნიერებას. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში. მსურს მას მივულოცო იუბილე და მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რასაც იგი ქართული სამართლის განვითარებისა და ამით, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის აკეთებს.  გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პროფესორი ლადო ჭანტურია არის პროფესიონალიზმის, აკადემიურობის, თავმდაბლობის და ჰუმანურობის, უნიკალური მაგალითი”.

 

პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ ისაუბრა ლადო ჭანტურიას განსაკუთრებულ ღვაწლზე, მის შრომებზე, მის დამსახურებაზე ქართული სამართლის ჩამოყალიბება განვითარების საქმეში. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნა ისტორიული მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში და პროფესორ ლადო ჭანტურიას, როგორც სამოქალაქო კოდექსის სარედაქციო კომისიის წევრის დასავლურმა განსწავლულობამ,  გადამწყვეტი როლი ითამაშა სამოქალაქო კოდექსის ღირებულებით ორიენტაციაში. 

 

კრებულის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ევროპის აკადემიის  თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა , ბატონმა დავით ფრანგიშვილმა მიაწოდა.

 

ღონისძიებაზე უცხოელმა პროფესორებმა, კოლეგებმა, რომელთაც ბატონ ლადოსთან ერთად უმუშავიათ და დღემდე მეგობრობენ მასთან, მიმართეს საზოგადოებას და გაიხსენეს ბატონ ლადოსთან მუშაობის წლები.

 

გერმანელმა პროფესორმა როლფ კნიფერმა, რომელიც პროფესორ სერგო ჯორბენაძესთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სარედაქციო კომისიას, გაიხსენა პროფესორ ლადო ჭანტურიასთან პირველი შეხვედრა და ისაუბრა მასთან მუშაობის გამოცდილებაზე. მისი თქმით, ლადო ჭანტურია იყო პიროვნება, რომლის განსწავლულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული კერძო სამართლის ევროპეიზაციის საქმეში. თავად პროფესორი როლფ კნიპერი ის ადამიანია, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ქართული სამართლის ჩამოყალიბება განვითარებაში, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო მოქალაქეა. ამასთან მისი 80 წლის იუბილეზე, საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი დაჯილდოვდა ჩვენი უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კიოლნის უნივერსიტეტის ყოფილმა ვიცე პრემიერმა და მოქმედმა პროფესორმა, თსუ საპატიო დოქტორმა ანგელიკა ნუსბერგერმა ისაუბრა ბატონი ლადოს ჭანტურიას პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, მის განსაკუთრებულ როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობაში. პროფესორი ანგელიკა ნიუსბერგერი პროფესორ გიორგი ხუბუასთან ერთად კიოლნის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელია და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან. 

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კილის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, თსუ-ს საპატიო დოქტორმა ალექსანდერ ტრუნკმა. მან ასევე აღნიშნა პროფესორ ლადო ჭანტურიას უდიდესი ღვაწლი ცივილისტიკის განვითარების საქმეში, რაც ამ უკანასკნელისათვის კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭებაშიც გამოიხატა. პროფესორი ლადო ჭანტურია პირველი ქართველი იურისტია, რომელსაც მისი განსაკუთრებული ღვაწლისათვის გერმანული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

კასპიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ყაზახეთის კერძო სამართლის ფუძემდებელმა მაიდან სულეიმანოვმა და პროფესორმა ფარხად კარაგუსოვმა აღნიშნეს პროფესორი ლადო ჭანტურიას განსაკუთრებული ღვაწლი ყაზახეთის კერძო სამართლის განვითარებაში და მას ყაზახეთის ეროვნული სამოსი უსახსოვრეს. ასევე, მაიდან სულეიმანოვმა ისაუბრა ლადო ჭანტურიას პიროვნებაზე, როგორც ,,მსოფლიოს მოქალაქეზე”, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწეა.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პროფესორმა ლადო ჭანტურიამ. მისი თქმით, საიუბილეო კრებული ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც მეცნიერმა შეიძლება ინატროს. მან მადლობა გადაუხადა კრებულის რედაქტორებს, ავტორებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ კრებულის გამოცემაში - “პირველ რიგში, ნება მომეცით, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამ საიუბილეო კრებულის რედაქტორების პროფესორების ბატონ ბესარიონ ზოიძისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ თამარ ზარანდიას მიმართ. კარგად ვიცი, რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული ამ საქმის კეთება. დიდი მადლობა ყველა ავტორს, გამომცემელს ამ კრებულის მომზადებისა და გამოცემისთვის. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტს ამ დიდი საჩუქრისთვის! მეცნიერისთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.”

 

მან აღნიშნა, რომ კრებულში მოცემული უმაღლეს დონეზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორები არიან ადამიანები, რომლებთანაც მას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები აკავშირებს, რაც განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს აღნიშნულ კრებულს.  პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ისაუბრა თითოეული ამ ადამიანის წვლილსა და დამსახურებაზე ქართული კერძო სამართლის განვითარებაში. უნდა თქვას, რომ  ამ კრებულში თავისი უკანასკნელი წერილი გამოაქვეყნა ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა სამართლის მეცნიერმა, თსუ საპატიო დოქტორმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა პროფესორმა იურგენ ბაზედოვმა.”

 

მართლაც განსაკუთრებულია პროფესორი ლადო ჭანტურიას წვლილი ქართული კერძო სამართლის ჩამოყალიბებაში. ბატონი ლადო დამსახურებულად ითვლება ქართული ცივილისტიკისა და, საერთოდ, თანამედროვე ქართული იურისპრუდენციის გამორჩეულ და მსოფლიოში აღიარებულ მკვლევარად. კანონმდებლობის შექმნის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო სრულიად ახალი ქართული იურიდიული დოქტრინის შექმნა, რომელმაც ხელი შეუწყო სამოქალაქო კოდექსის ცხოვრებაში დანერგვას. პროფესორი ლადო ჭანტურია არაერთი  შესანიშნავი შრომის ავტორია. თუმცა, მათ შორისაც უნდა გამოიყოს რამდენიმე მთავარი, რომელიც ახალი ქართული იურიდიული მეცნიერების ფუძემდებლურ შრომებად ითვლება. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო პროფესორი ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით გამოცემული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი კომენტარი,  რომელიც  ექვს წიგნად გამოვიდა და სრულიად ახალი მოვლენა იყო ქართული იურიდიული სამეცნიერო ბრუნვისთვის. სამოქალაქო კოდექსის პირველი კომენტარი მისი გამოცემის დღიდან იქცა ამ დარგის მთავარ ტექსტად და პრაქტიკული თუ სამეცნიერო დისკურსის განუყოფელ ნაწილად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დღესაც ახორციელებს  სამოქალაქო კოდექსის კომენტარების პროექტს, კვლავ პროფესორი ლადო ჭანტურიას რედაქტორობით და მომავალშიც უზრუნველყოფს მის ერთიან ტექსტობრივ კორპუსად ჩამოყალიბებას. 

 

სამოქალაქო კოდექსის პირველ კომენტარს მოჰყვა არაერთი სახელმძღვანელო თუ მონოგრაფია, რომელიც აყალიბებდა კერძო სამართლის საფუძვლებს. პროფესორ ლადო ჭანტურიაზე უნდა ითქვას, რომ იგი  რთულ იურიდიულ კონსტრუქციებს  ნათელი და  გასაგები ენით გადმოსცემს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული დოქტრინისა და პრაქტიკისათვის.

 

პროფესორი ლადო ჭანტურია  არაერთი მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო კვლევის ავტორია. მისი შრომები კერძო სამართლის ყველა მიმართულებით ფასდაუდებელი ნაშრომებია ქართული იურიდიული სამეცნიერო ბრუნვისათვის. წლების მანძილზე პროფესორი ლადო ჭანტურია იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპულ დოქტრინაზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მან ხელი შეუწყო საქართველოში სამოსამართლო სამართლის განვითარებას. 

 

ამასთან, პროფესორი ლადო ჭანტურია ახალგაზრდა ქართველი იურისტების მუდმივი მხარდამჭერი და სტუდენტების გამორჩეულად საყვარელი პროფესორია. წლებია ტრადიციად იქცა მისი ფინანსური მხარდაჭერით ყოველსემესტრული სტიპენდიის დანიშვნა ჩვენი ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის, მათი ფინანსური წახალისების მიზნით. 

 

კრებულის გამოცემაში, აღსანიშნავია, ქალბატონი ლია შატბერაშვილის განსაკუთრებული დამსახურება, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია  საიუბილეო კრებულზე.  ასევე უნდა აღინიშნოს კალიგრაფი დავით მაისურაძის წვლილი - საიუბილეო კრებულის ყდის დიზაინისთვის მის მიერ საგანგებოდ შექმნილი უნიკალური შრიფტია გამოყენებული. არ შეიძლება არ დავაფასოთ თსუ გამომცემლობის ჩართულობა ამ მართლაც მნიშვნელოვან გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა, საიუბილეო კრებულის პრეზენტაციის შეხვედრის თარგმანით უზრუნველყოფისათვის, ეკუთვნის თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტს, თამარ ერგემლიძეს.

 

შეხვედრის ბოლოს, პროფესორი ლადო ჭანტურიას საპატივცემულოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ შეასრულა ძველი ლათინური სტუდენტური სიმღერა - Gaudeamus Igitur რომელიც აკდემიური სივრცის ჰიმნად იქცა.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კიდევ ერთხელ, ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას და მის ოჯახს იუბილეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს სამეცნიერო კრებული, რომელიც პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი კოლეგებისა და მეგობრების სამეცნიერო შრომებს მოიცავს, საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის.

 

ბატონ ლადოს გულითადად ვუსურვებთ, რომ კიდევ ბევრი წელიწადი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში!

თარიღი: 30/10/2023